ესტონეთში ქართველი ვეტერინარების გადამზადება გრძელდება

ქართველმა ვეტერინარებმა, ზოოტექნიკოსებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ესტონეთში 2-კვირიან თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაში.

კომპანია "კავკასიის გენეტიკასა" და ესტონეთის მეცხოველეობის ასოციაციას შორის 2014 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც წინასწარ შერჩეული ქართველი ვეტერინარები, ზოოტექნიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები გაივლიან 2 კვირიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნურ განაყოფიერებაში. აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა 2014 წლის მაისში. ესტონეთის ქალაქ ტარტუში 10 ქართველი გაემგზავრა 2 კვირით. ბევრი მსურველის მიუხედავად, კომპანიამ საუკეთესოები და ყველაზე მოწადინებულები შეარჩია. ესტონეთში მათ შეისწავლეს მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების ტექნიკა და დღეს ეს ადამიანები თავიანთ რაიონებში ახორციელებენ ფერმერთა მომსახურებას. 

პროექტის მეორე ეტაპიც შედგა. 2015 წლის მაისში უკვე გადამზადდა 11 პიროვნება შემდეგი რაიონებიდან: ხობი, ზესტაფონი, გორი, თელავი, დედოფლისწყარო, მარნეული, ვანი, დუშეთი, ასპინძა. 

ესტონეთში გადამზადებული დამოუკიდებელი ტექნიკოსები მომსახურებას უწევენ ფერმერებს თავიანთ რაიონში. ისინი ზრუნავენ პირუტყვის ჯიშის გაუმჯობესებაზე, პროდუქტიულობის ამაღლებაზე, რათა ქართველმა ფერმერმა მიიღოს მეტი რძე, მეტი ხორცი, ჰყავდეთ ჯიშიანი პირუტყვი ნაცვლად ჯიშდაკნინებულისა და მიიღოს მეტი შემოსავალი.